გიორგი კახიანი - გვარამია თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა და გადაწყვიტა, გაერო-ს მიმართოს, დარწმუნებული ვარ, ესეც იმავე შედეგით დასრულდება
გიორგი კახიანი - გვარამია თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა და გადაწყვიტა, გაერო-ს მიმართოს, დარწმუნებული ვარ, ესეც იმავე შედეგით დასრულდება

გვარამია თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა და გადაწყვიტა, გაერო-ს მიმართოს, დარწმუნებული ვარ, ესეც იმავე შედეგით დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ გვარამიას მიმართ საქართველოში მართლმსაჯულება სწორად განხორციელდა.

„ადრე რასაც ვისმენდით ქართულ მართლმსაჯულებასთან და საქართველოს სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როგორც აღმოჩნდა, თურმე მსგავსი პოზიცია არსებობს სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებითაც. მთელი ამ დროის განმავლობაში გვესმოდა, რომ საქართველოში გვარამიას მიმართ ხორციელდებოდა პოლიტიკური მართლმსაჯულება. სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ასე არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბად სწორედ იმას გულისხმობს, რომ გვარამიას მიმართ საქართველოში მართლმსაჯულება განხორციელდა ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო. თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა გვარამია და გადაწყვიტა, ამჯერად გაერო-ს მიმართოს. დარწმუნებული ვარ, ეს მიმართვაც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც დასრულდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო. დიდი ალბათობით, იგივე მოხდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც. გვარამიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებაზე როცა საუბრობდნენ, სინამდვილეში, ეს ყოფილა ტყუილი და სიმართლე ყოფილა სასამართლო ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გვარამიამ.