გიორგი კახიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ჩვენს საარჩევნო შეთავაზებას გაითვალისწინებს, რადგან ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ვითარებაში შეიძლება
გიორგი კახიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ჩვენს საარჩევნო შეთავაზებას გაითვალისწინებს, რადგან ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ვითარებაში შეიძლება

მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენი საარჩევნო შეთავაზება გათვალისწინებული იქნება, რადგან ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ვითარებაში შეიძლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სამართლებრივი თვალსაზრსით დიდი არჩევანის საშუალება არ არის, რადგან კონსტიტუციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილება ვერ განხორციელდება და ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

„თავადაც კარგად იციან, რომ მათი შეთავაზებები გათვალისწინებული ვერ იქნება. ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამ შეთავაზების გარშემო რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ულტიმატუმზე საუბარი ზედმეტია, რადგან კონკრეტული რეალობა გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება არ განვახორციელეთ კანონმდებლობაში, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს. ეს არის შერეული სისტემა”, – განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.