გიორგი კახიანი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა
გიორგი კახიანი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

კახიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც,  „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

როგორც კახიანმა ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ჩნდება კითხვები, ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს.

„რბილად, რომ ვთქვათ სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს. სხვანაირადაც ვიტყოდი, რომ ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი კითხვები შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს და ასეთი კითხვების გაჩენა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში შეურაცხმყოფელიცაა. ეს სრული აბსურდია. საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს ბუნებაში, სხვა კითხვებს აჩენს. საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს ყველაფერს, რაც ხდება. საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ მანიპულირება საზოგადოებით სრულიად შეუსაბამო და არარელევანტურია“, – განაცხადა კახიანმა.