გიორგი კახიანი - გამოსავალია, შერეული სისტემის ფარგლებში ვიმსჯელოთ, თუ რა წესით ჩატარდეს მაჟორიტარული არჩევნები
გიორგი კახიანი - გამოსავალია, შერეული სისტემის ფარგლებში ვიმსჯელოთ, თუ რა წესით ჩატარდეს მაჟორიტარული არჩევნები

პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ სპექტრში. ამას ითხოვდა თითქმის ყველა პარტია და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც აისახა კონსტიტუციაში, მაგრამ მე გული მწყდება, რომ ეს ვერ მოხერხდა 2020 წლის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კახიანი ამბობს, მათივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დააზიანათ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დაგვაზიანა. ჩვენ ვთქვით, რომ 2020 წლისთვის გადავიდოდით ახალ სისტემაზე, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ოპოზიცია ცხადია დესტრუქციულად იქცევა და მისი ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ჩარჩოებს სცდება, მაგრამ პროტესტი ჩვენმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დამაზიანებელი იყო.

ვითარება ჩიხურია, რადგან ერთი მხრივ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ განხორციელდება, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიცია ითხოვს ე.წ. გერმანულ მოდელს, რაც არაკონსტიტუციურია. სად არის სამართლებრივი გამოსავალი? ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, შერეული სისტემის ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩავატაროთ მაჟორიტარული არჩევნები. ეს მისაღებია ოპოზიციისთვისაც. ამ ფონზე ჩვენი გუნდის წევრების ინიციატივა, რომ ვიფიქროთ მაჟორიტარულ სისტემაზე, ორპალატიან პარლამენტზე, ჩემი აზრით არარელევანტურია. ვერც მისი განხორციელების პერსპექტივას ვხედავ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.