გიორგი კახიანი - „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება კომიტეტების დატოვებაზე იმ ფულად სანქციებს უკავშირდება, რომელიც სხდომების გაცდენის შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ
გიორგი კახიანი - „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება კომიტეტების დატოვებაზე იმ ფულად სანქციებს უკავშირდება, რომელიც სხდომების გაცდენის შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის მოსაზრებით, საპარლამენტო კომიტეტების დატოვების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება იმ ფულად სანქციებს უკავშირდება, რომელიც კომიტეტების სხდომებზე არდასწრების შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ.

როგორც საქართველოს პირველ არხს კახიანმა განუცხადა, კომიტეტებს „ევროპული საქართველოს“ ის წევრები ტოვებენ, რომლებიც ორი კომიტეტის წევრები არიან.

„„ევროპული საქართველოს“ წევრები ერთ კომიტეტში მაინც რჩებიან, რადგან პარლამენტის წევრს ვალდებულება აქვს, ერთი კომიტეტის წევრი იყოს. რას შეიძლება, ასეთი ცვლილებები უკავშირდებოდეს? ეს უკავშირდება იმ სანქციებს, რომელიც კომიტეტების სხდომებზე არდასწრების შემთხვევაში პარლამენტის წევრებს ეხებათ. იქედან გამომდინარე, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში არიან, ბოიკოტის რეჟიმი მხოლოდ პლენარულ სხდომაზე ვრცელდება. თუ პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან, ამაზე ფინანსური სანქციები არ ვრცელდება, მაგრამ თუ კომიტეტის სხდომებს არ დაესწრებიან, ფინანსური სანქციები გავრცელდება და კომიტეტებს სავარაუდოდ, ამის გამო ტოვებენ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ თანამდებობებსაც დატოვებდნენ, მაგრამ მხოლოდ კომიტეტებს ტოვებენ, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ ეს სანქციებს უკავშირდება, რაც კომიტეტის სხდომებზე არდასწრების შემთხვევაში დაეკისრებათ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.