გიორგი კახიანი - ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ყველა დეპუტატს, ვინც განცხადება დაწერა, უფლებამოსილება შეუწყდება
გიორგი კახიანი - ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ყველა დეპუტატს, ვინც განცხადება დაწერა, უფლებამოსილება შეუწყდება

ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ყველა დეპუტატს, ვინც განცხადება დაწერა, უფლებამოსილება შეუწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრთა უმრავლესობა ემხრობა მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, კონსტიტუცია არ დაირღვევა.

კახიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრის.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ამ პირებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა. უმრავლესობის მოსაზრებები რაც მომისმენია, ისინი მეტწილად ემხრობიან უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ. პლენარულ სხდომამდე ექვსი დღეა დარჩენილი, დრო კიდევ გვაქვს, რომ უმრავლესობა შეიკრიბოს და ეს საკითხი განვიხილოთ. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ უფლებამოსილება შეუწყდეს ყველა განმცხადებელს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო და მაღალი კვორუმი არ არის, როცა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ეს არ არის მხოლოდ პროცედურულ-სამართლებრივი საკითხი, ამას აქვს დიდი პოლიტიკური კონტექსტი და საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, 2 თებერვალს ვნახავთ.

მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე მხარს დავუჭერ. მე ვხელმძღვანელობ საპროცედურო საკითხებიდან გამომდინარე და ამან იქონია პრიორიტეტი. თუ ჩავარდება საკითხი, ეს კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, რადგან პარლამენტს ვალდებულება აქვს, საკითხი განიხილოს კონკრეტულ ვადებში. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ დრო ბოლო მომენტამდე გაგრძელებულიყო და მოლაპარაკებებისთვის მეტი შანსი დარჩენილიყო. კიდევ არის შესაძლებლობა, გარკვეული მოლაპარაკება შედგეს, მთლიანად ოპოზიციასთან თუ არა, ოპოზიციის ნაწილთან მაინც“, – განაცხადა კახიანმა.