გიორგი კახიანი - ძალაშია ჩვენი შეთავაზება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც თუ დადგინდება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
გიორგი კახიანი - ძალაშია ჩვენი შეთავაზება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც თუ დადგინდება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია ღია იყო ყველა ოპოზიციური ჯგუფისთვის, რათა მათ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიეღოთ.

კახიანის თქმით, სამწუხაროა, რომ მოცემულ ეტაპზე ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა უარი განაცხადა ამ პროცესში მონაწილეობაზე.

„დღეს კომისია დაკომპლექტდა ოთხი წევრის შემადგენლობით. ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფი, მაგრამ კომისია ყველასთვის გახსნილია. ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კიმისიას შემოუერთდნენ, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარი მიუთითებს, რომ „ე.წ. გაყალბების თემა არა რეალური, არამედ მათი მოგონილია“.

„ბუნებრივია, კომისიაში ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ მათი პოზიციების სასარგებლოდ. ამიტომ სავარაუდოდ, ამის გამო უარს ამბობენ ამ პროცესში მონაწილეობაზე. თუმცა, მათ ნებისმიერ დროს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ კომისიის წევრები იყვნენ. ძალაშია ჩვენი შეთავაზება – თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც რომ დადგინდეს, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დატოვე კომენტარი