გიორგი კახიანი - ჩვენი შეხვედრები ორშაბათიდან კიდევ უფრო ხშირ და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეხვედრები ორშაბათიდან კიდევ უფრო ხშირ და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
„დრო საკმარისი იყო, რომ ყველაფრის ანალიზი გაკეთებულიყო, თუ რატომ მივიღეთ ჩვენ ასეთი შედეგი. ანალიზი გაკეთებულია, გზავნილი მიღებულია. ჩვენი არაერთი გადაწყვეტილების თაობაზე უკვე ინფორმირებული არის საზოგადოება და ასეთი გადაწყვეტილებების თაობაზე ის მომავალშიც ბევრ სიახლეს გაიგებს. ყველა გადაწყვეტილება იქნება იმ გამოწვევის ადეკვატური, რომელიც ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოებაში არსებობს.
რაც შეეხება შეხვედრებს, ორშაბათიდან კიდევ უფრო ხშირსა და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს ასეთი შეხვედრები. შეხვედრები იქნება ყველგან – ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და ვიმოქმედებთ იმ გამოწვევების ადეკვატურად, რომელიც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით იმსჯელეს.