გიორგი კახიანი - ჩნდება კითხვა, პარტია, რომელიც პატივს არ სცემს მისი ამომრჩევლის ნებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, უნდა იმსახურებდეს თუ არა დაფინანსებას
ჩნდება სერიოზული კითხვა – პარტია, რომელიც პატივს არ სცემს მისი ამომრჩევლის ნებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, უნდა იმსახურებდეს თუ არა შესაბამის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის თაობაზე ოპოზიციის ერთობლივ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას შეუერთდება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ ისინი მაინც არ შეუერთდებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება – პარტია, რომელიც პატივს არ სცემს მისი ამომრჩევლის ნებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, უნდა იმსახურებდეს თუ არა შესაბამის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბუნებრივია, ეს კითხვა უკვე გაჩნდება და ამაზე ცოტა მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა“, – განაცხადა კახიანმა.