გიორგი კახიანი - ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუგებარი მიზეზით გადაიდო, გაურბიან დისკუსიას, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ
გიორგი კახიანი - ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუგებარი მიზეზით გადაიდო, გაურბიან დისკუსიას, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გაუგებარი მიზეზებით გადაიდო.

კახიანმა ევროკავშირის გადაწყვეტილება დისკუსიისგან გაქცევის მცდელობად შეაფასა.

„ჩვენ ველოდებოდით ამ შეხვედრას, რომელიც დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა. იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით სრულიად უსაფუძვლო განცხადებებს ვისმენდით, თითქოს უფლებების დარღვევა ხდება, დემიკრატიიის თვალსაზრისით გარკვეული უკუსვლაა, თან ამის არანაირი მტკიცება არ გაგვიგია, ასეთი შეხვედრა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მოგვესმინა მტკიცებულებები, თუ ჰქონდათ. შეხვედრის გადადება სრულიად გაუგებარი მიზეზით მოხდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. გაურკვეველი მიზეზით მოხდა გადადება. თავად ღიად არ დაუსახელებიათ მიზეზი, თუმცა ყველაფერი მხოლოდ იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დისკუსიისგან გაქცევის მცდელობა, რათა ჩვენი პოზიციები პირდაპირ ფორმატში არ ყოფილიყო ნათქვამი. იმავდროულად, როგორც ჩანს, არც მათ აქვთ პირდაპირი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. ამიტომ მოხდა შეხვედრის გადადება. შეხვედრისგან დიდი მოლოდინი გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ამას მოჰყვებოდა ურთიერთობების დათბობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არასასურველ მდგომარეობაშია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.