გიორგი კახიანი – „ნაციონალურ მოძრაობას“ სარჩელში ომის დაწყებას არავინ აბრალებს, მათ სურთ, თავიანთი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი წარსული დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვას სახელმწიფო ინტერესების უკან მიმალვით ცდილობს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია.
„საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და, მათ შორის, მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ, რომ ეს ასე გამოჩნდეს. ისინი, რეალურად, ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავიანთი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავიანთი ცოდვების თითქოს სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ესე არ გამოვა, იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.