გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერად დანიშვნის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა 
გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერად დანიშვნის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა 

მსგავს საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, ამიტომ ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, – ეს განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ეკა ბესელიას პარლამენტის სპიკერატში შესაძლო გადანაცვლების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი კახიანმა განაცხადა, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმატებით მუშაობს.

„ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გუნდში არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, იურიდიული კომიტეტი ძალიან წარმატებულად საქმიანობს და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ავტორია”, – განაცხადა კახიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ეკა ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავოს, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტი ნამდვილად ვაკანტურია.

„თავიდანვე გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მმართველ გუნდს სამი კანდიდატურა დაესახელებინა, თუმცა ჩვენ არ ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად და მხოლოდ ორი თანამდებობა ავითვისეთ. ვიცე-სპიკერის თანამდებობა არის ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა და ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, ეს მხოლოდ დაწინაურებას და წინსვლას ნიშნავს”, – განაცხადა კახიანმა.