გიორგი კაკაურიძე - წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საბიუჯეტო თანხის ათვისების ცხრა თვის მაჩვენებელი დაახლოებით 800 მილიონი ლარით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს
გიორგი კაკაურიძე - წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საბიუჯეტო თანხის ათვისების ცხრა თვის მაჩვენებელი დაახლოებით 800 მილიონი ლარით აჭარბებს გასული წლის მონაცემებს

ინფრასტრუქტურულ პროექტებში საბიუჯეტო თანხების ათვისების დინამიკა გაუმჯობესებულია. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საბიუჯეტო თანხის ათვისების ცხრა თვის მაჩვენებელი დაახლოებით 800 მილიონი ლარით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.6 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

გადაცემაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები და პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია წარდგენილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე თვლის, რომ მომავალ წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონის ლიდერი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი ზოგადად შენელებულია, საქართველოს ეკონომიკა ხუთი პროცენტით გაიზრდება.

„გამოვყოფ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. დაგეგმილია ხუთი პროცენტის ოდენობით. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მისი მიღწევა არ არის მარტივი, თუმცა იმ პოლიტიკით, რაც გვაქვს, ეს არის დაბალი დეფიციტი, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი დონე – ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ხუთ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ და სწორედ ამ პარამეტრზეა დაფუძნებული მომავალი წლის ფინანსური რესურსი. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებში, ვინაიდან მსოფლიო ეკონომიკის ახალი მიმოხილვა გამოქვეყნდა და მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის შემცირება. იგივე ტენდენციაა ჩვენს რეგიონში. ამ პირობებში ხუთ პროცენტიანი ზრდის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია“, – განმარტა კაკაურიძემ. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 3.7 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს, რაც მისი აზრით, საკმაოდ რეალისტური პროგნოზია.

„რა თქმა უნდა, ბიზნესს სჭირდება ის ლოჯისტიკური სივრცე და ინფრასრუქტურა, რაც აუცილებელია, რომ თუნდაც რეგიონებს შორის უფრო ძლიერი კავშირი იყოს, თუნდაც სატრანზიტო პოტენციალი იყოს უფრო ძლიერი, ტურისტულ მიმართულებაზე საგზაო ინფრასტრუქტურა და თვითონ ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული. ამ მიმართულებით მომდევნო წელს დაახლოებით 3.7 მილიარდი ლარი უნდა მივმართოთ. ეს გულისხმობს, როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ძირითადი მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების გაუმჯობესებას და იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ქვეყანაში ეკონომიკის ხელშეწყობისა და ბიზნესის წარმოებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა კაკაურიძემ.

გადაცემის თანაწამყვანი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე დაინტერესდა, რამდენად რეალურია ასეთი მაღალი მაჩვენებელი, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად ჭიანურდებოდა და თანხების ათვისება პრობლემური იყო. კაკაურიძე ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

გეთანხებით, რომ გასულ წლებში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა იყო. წელს ცხრა თვის წინასწარი მონაცემებით, რაც 20 რიცხვამდე გამოქვეყნდება, დაახლოებით 800 მილიონი ლარით მეტი თანხაა ათვისებული ვიდრე გასულ წელს. ეს ათვისება ყოველთვიურად ჩანს და ყოველთვიურად სახელმწიფო ინვესტიციები მზარდი იყო. წელს დაახლოებით 3.6 მილიარდ ლარს გადავაჭარბებთ. ანუ ის გეგმა, რაც მომავალი წლისთვის გვაქვს, არ არის ძალიან გაზრდილი და ამბიციური“, – განმარტა კაკაურიძემ.