გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გაეზრდება თუ არა დაფინანსება ძალოვან უწყებებს
გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გაეზრდება თუ არა დაფინანსება ძალოვან უწყებებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გაეზრდება თუ არა დაფინანსება ძალოვან უწყებებს.

დეპუტატებმა ძალოვანი უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდა თავდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კაკაურიძის განცხადებით, დაფინანსების გაზრდას არა მხოლოდ ძალოვანი უწყებები, არამედ სხვა უწყებებიც ითხოვენ.

„მოთხოვნა არსებულ რესურსებს ყოველვის აღემატება, ამიტომ, თანხები კონსულტაციების შედეგად ისე გადავანაწილეთ, რაც უფრო სწორად და სამართლიანად მიგვაჩნდა. განხილვა გრძელდება და შეიძლება, ზოგ უწყებას დაფინანსება გაეზარდოს, ზოგს – შეუმცირდეს. ამისთვის ორთვიანი პერიოდი კიდევ წინ არის. ძალოვანი უწყებების დაფინანსება რამდენით მოიმატებს, პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან დამატებითი რესურსის მოძიება რთული იქნება, მაგრამ თუ მოიმატებს, სხვა უწყებების შემცირების ხარჯზე უნდა მოიმატოს”, – აღნიშნავს კაკაურიძე.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაზვერვის სამსახურის დაფინანსება 13,5 მლნ ლარია, სახელმწიფო უსაფრთხოების 137,5 მლნ ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსი – 770 მლნ ლარი.