გიორგი კაკაურიძე - ველოდებით, რომ ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს
გიორგი კაკაურიძე - ველოდებით, რომ ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა კონკრეტულ დღეზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მიბმული არ არის და დაკავშირებულია მოლოდინების ფორმირებაზე.

გიორგი კაკაურიძე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ გაცვლით კურსზე ექსპორტ-იმპორტის ზრდა მოქმედებს.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და მაჩვენებლების თვალსაზრისით კარგი პოზიციები გვაქვს. ფაქტია, რომ კურსი უფრო მაღალია, ვიდრე წესით უნდა იყოს. ანუ გაუფასურება უფრო მაღალია, ვიდრე მაკროეკონომიკურ პირობებში უნდა ყოფილიყო. მცურავი კურსის დროს რყევა ხდება და არ ვიცი, ამასთან საარჩევნო პერიოდი რამდენად კავშირშია, მაგრამ მოლოდინების ფორმირებაზე საარჩევნო პროცესიც მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც, რადგან საარჩევნო პროცესი გარკვეულ მოლოდინებს აყალიბებს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოლოდინებია, რამაც ვალუტის კურსის იმაზე მეტად გაუფასურებაზე იმოქმედა, ვიდრე ეს ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო. ველოდებით, რომ კურსი უნდა დასტაბილურდეს. კურსის სტაბილურობა კონკრეტულ დღეზე არ არის მიბმული, დაკავშირებულია მოლოდინების ფორმირებაზე. როგორც კი მოლოდინების ფორმირება მოხდება ისე, რომ კომერციული სექტორი კურსის გაუფასურებას აღარ დაელოდება, კურსის გამყარების ტენდენცია წამოვა“, – აღნიშნავს კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ ჩარევას ვერ განახორციელებს, რადგან ქვეყანას სწორი მონეტარული პოლიტიკა აქვს, რამაც ის ფაქტორები შექმნა, რომ კურსი სტაბილური იყოს და მას გრძელვადიანი ეკონიმიკური ზრდის პერსპექტივა ჰქონდეს.

„მოკლევადიან ჩარევას კარგი ეფექტი არასოდეს მოჰყვება, რადგან ერთ დღეს გამყარება შეიძლება, მეორე დღეს უარესობაში აისახოს”, – განაცხადა კაკაურიძემ.