გიორგი კაკაურიძე - ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამაზე ერთობლივად ბევრია სამუშაო
გიორგი კაკაურიძე - ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამაზე ერთობლივად ბევრია სამუშაო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაზრდილი ხარჯების დიდი ნაწილი ჯანდაცვის უწყების დაფინანსებაზე მიიმართება და ბიუჯეტი 600 მილიონი ლარით იზრდება, რაც ჯამში 6.93 მილიარდ ლარს შეადგენს.

„ამ თანხაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ყველაზე მნიშვნელოვანი თანხითაც და შინაარსითაც ის თანხაა, რომელიც პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე მიიმართება, რომელიც დღეს 446 მლნ ლარია. ჯამში წელს პანდემიასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე გათვალისწინებული იქნება 846 მლნ ლარი. დამატებით თანხაში და მთლიანად ჯამურ მოცულობაში გათვალისწინებულია ინფიცირებულთა მკურნალობა, საწოლფონდის მობილიზებისთვის საჭირო თანხები, მათ შორის დანამატები, რომელიც როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე მედპერსონალისთვის არის გათვლილი. არის ტესტების ხარჯები, პირადი დაცვის საშუალებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ვაქცინაციის თანხა 150 მლნ ლარზე მეტია წელს გათვალისწინებული. ეს თანხა საკმარისია, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი ორჯერადად იყოს აცრილი. ამ მხრივ არა მხოლოდ თანხაა სრულად მობილიზებული, არამედ შესაბამისი მოლაპარაკებებიც დასრულებულია, კონკრეტული მომწოდებლებიც ცნობილია, ტექნიკურადაც საქართველოში სრული მზადყოფნაა, რომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. არის იმის შესაძლებლობა, რომ დღიურად 15-20 ათასი მოქალაქე აიცრას, რაც კარგია, თუმცა აქ მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამაზე ერთობლივად საკმაოდ ბევრია სამუშაო“, – აღნიშნა კაკაურიძემ.