გიორგი კაკაურიძე - ტურიზმის 25-30 პროცენტს თუ დავიბრუნებთ და არ მოხდება პანდემიის რადიკალური ცვლილება, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარი გამყარების ტენდენციაზე იქნება
გიორგი კაკაურიძე - ტურიზმის 25-30 პროცენტს თუ დავიბრუნებთ და არ მოხდება პანდემიის რადიკალური ცვლილება, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარი გამყარების ტენდენციაზე იქნება

როცა ლართან მიმართებაში ვსაუბრობთ, ალბათ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ის ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც პანდემიამ გამოიწვია. ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ეს მიმართულება თითქმის განულდა, რამაც ზეწოლა ვალუტის კურსზეც გამოიწვია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიამ ყველა ქვეყანაზე იმოქმედა და საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებიც შემცირდა.

„რა ტენდენციებსაც ვუყურებთ, ექსპორტში ზრდა შეინიშნება. გასულ თვეში იყო დაახლოებით ხუთი პროცენტი. ჩვენ ექსპორტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება აპრილის თვეშიც. თუ შევძლებთ, რომ ტურიზმის დაახლოებით 25-30 პროცენტი დავიბრუნოთ, რაც 2019-ში გვქონდა, ამ შემთხვევაში და თუ არ მოხდება მსოფლიოში პანდემიის რადიკალური ცვლილება, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარი გამყარების ტენდენციაზე იქნება. ეს ნამდვილად გამოიწვევს ლარის კურსის გამყარების ტენდენციის დაბრუნებას. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში ტურისტული ნაკადები უნდა გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ, რომ პროცესი სრულყოფილად არ მიდის და ძალიან ბევრ ქვეყანას თითქმის იგივე მაჩვენებელი დაუდგა, რა მაჩვენებელიც გასული წლის ე.წ. მეორე ტალღის დროს ჰქონდა. ამიტომ, ზუსტად თქმა, რამდენ ხანში რა იქნება, ძალინ რთულია“, – განაცხადა კაკაურიძემ.