გიორგი კაკაურიძე - თუ გვსურს, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5 პროცენტზე დაბალი უნდა იყოს 
გიორგი კაკაურიძე - თუ გვსურს, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5 პროცენტზე დაბალი უნდა იყოს 

საქართველოს ეკონომიკას ერთი უდიდესი პრობლემა აქვს, ეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც ლარის კურსის არასტაბილურობის მიზეზებზე ჰკითხეს.

მისი განმარტებით, საქართველოდან გასავალი უფრო დიდია, ვიდრე შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო გარკვეულწილად სხვა ქვეყნების ეკონომიკას ასუბსიდირებს.

„გასულ წელს 7,7 პროცენტის ფარგლებში იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ ჩვენ გვინდა, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, აუცილებელია, ვეცადოთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეტაპობრივად 5 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიყვანოთ. ჩვენი განვითარების დონისთვის 5 პროცენტიანი მიღწევა ძალიან დიდი წარმატება იქნება და გაცილებით მეტ სტაბილურობას შექმნის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში აისახება.

„ლარის გაცვლით კურსს ჩვენთვის დიდი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში გავლენა აქვს და უფრო მეტი ხარჯის გაწევა გვიწევს, თუნდაც ვალების მომსახურების ნაწილში. ჯამში, ვალუტის ცვლილება დიდ გავლენას არ ახდენს, შემოსავლები და ხარჯები დაახლოებით ერთი და იმავე პროპორციით იზრდება. შესაბამისად, მას ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს. რაც შეეხება ეკონომიკაში მის გადასვლას, ეს ინფლაციაზე გავლენაა და ჩვენ ძირითადი აქცენტი ინფლაციაზე გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.