გიორგი კაკაურიძე - საბიუჯეტო თანხების ათვისების მაჩვენებელი შედარებით დაბალია იმ სამინისტროებში, სადაც რეორგანიზაცია განხორციელდა
გიორგი კაკაურიძე - საბიუჯეტო თანხების ათვისების მაჩვენებელი შედარებით დაბალია იმ სამინისტროებში, სადაც რეორგანიზაცია განხორციელდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის მონაცემებით, საბიუჯეტო თანხების ათვისების მაჩვენებელი შედარებით დაბალია იმ სამინისტროებში, სადაც რეორგანიზაცია განხორციელდა.

როგორც პირველ არხს კაკაურიძემ განუცხადა, შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში.

„ზოგიერთი პროგრამის ნაწილში მცირე აუთვისებლობაა, მაგრამ საერთო ჯამში, ხარჯვის ნაწილის 94 პროცენტია შესრულებული. სოფლის მეურნეობაში შესრულების მაჩვენებელი 83 პროცენტი იყო. შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია ეკონომიკის სამინისტროშიც. ანუ, იმ სამინისტროებში, სადაც რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს იყო. გაერთიანების გარდა, შესრულების ნაწილს პრობლემა შეუქმნა ტენდერების ჩავარდნამაც. ზოგიერთმა კომპანიამ გარკვეული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და ამ პროცესმა აპრილში გადაიწია“, – აცხადებს კაკაურიძე.

კაკაურიძის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ კარგი იყო ბიუჯეტისა და ეკონომიკური პარამეტრების შესრულების თვალსაზრისით.

„4,5 პროცენტის ნაცვლად, ეკონომიკურმა ზრდამ ხუთ პროცენტს გადააჭარბა და მარტში 5,6 პროცენტი დაფიქსირდა. ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ეს აისახა როგორც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე, ასევე საგადასახადო შემოსავლებზე“, – დასძინა კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე სამი თვის მონაცემები საპარლამენტო კომიტეტებს წარუდგინა. საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა.