გიორგი კაკაურიძე - „ომეგა ჯგუფი“ გრაფიკის მიხედვით არც დავალიანებას იხდიდა და არც მიმდინარე ვალდებულებებს
გიორგი კაკაურიძე - „ომეგა ჯგუფი“ გრაფიკის მიხედვით არც დავალიანებას იხდიდა და არც მიმდინარე ვალდებულებებს

„ომეგა ჯგუფისთვის“ დავალიანების დაფარვის გრაფიკი რამდენჯერმე შედგა, მათ შორის 2016 წელს, თუმცა თანხები გრაფიკის მიხედვით არ გადაუხდიათ და დამატებით მიმდინარე ვალდებულებებიც წარმოიქმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის პირველ თვეებში, დაახლოებით 30 მილიონამდე იყო დავალიანება და საწარმოს შეფერხება მაშინაც არ მომხდარა.

უმცირესობის სხდომაზე აღნიშნული საკითხით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი დაინტერესდნენ. ირმა ნადირაშვილმა გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება კომპანიისთვის დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთავაზება. მან ვალების შერჩევით ჩამოწერაზე მიანიშნა და ამის მაგალითად „ყაზტრანსგაზი“ დაასახელა.

„ჩემი კითხვა „ომეგა ჯგუფს“ ეხება. ისინი ითხოვენ გრაფიკს დავალიანების დასაფარად. არავისთვისაა მომგებიანი, როდესაც ამხელა ბიზნესი არის გაჩერებული, ეს არ არის მომგებიანი არც სახელმწიფოსთვის და არც იქ დასაქმებულებისთვის. მაინტერესებს, რატომ ვერ ხერხდება ამ გრაფიკის შეთავაზება? მაგალითისთვის მოგიყვანთ „ყასტრანსგაზს“, რომელსაც 96 მილიონი ჩამოეჭრა. გასაგებია, რომ როდესაც საქმე ეხება შერჩევით სამართალს, ამას ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ მაინტერესებს შეrჩევით ვალების ჩამოწერა რა პრინციპით ხდება“, – განაცხადა სხდომაზე ნადირაშვილმა.

კაკაურიძის განცხადებით, „ომეგა ჯგუფი“ გრაფიკის მიხედვით არ იხდიდა თანხას.

„ომეგა ჯგუფს“ რამდენჯერმე გაუკეთდა გრაფიკი, მათ შორის 2016 წელს, თუმცა გრაფიკის მიხედვით არ მოხდა თანხების გადახდა. ასევე წარმოიქმნა დამატებით მიმდინარე ვალდებულებები. 2018 წლის პირველ თვეებში დაახლოებით 30 მილიონამდე იყო დავალიანება. მაშინაც არ მომხდარა არანაირად საწარმოს შეფერხება, უბრალოდ მიმდინარე ვალდებულებებს, რასაც საწარმო იღებდა აქციზურ მარკებს, იმის გადახდასაც კი აღარ უზრუნველყოფდა და უკვე მაისის ბოლოსთვის დაუგროვდა ის ვალი, რაც გაჟღერებულია“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისი განმარტებით, შესაბამისად, მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რომ ვერც გრაფიკის შედგენა ხერხდება.

„კომპანიას მიეცა საშუალება, რომ ემუშავა, კომპანიამ წაიღო აქციზური მარკები, თამბაქო გაიყიდა და შემდგომში მიღებული ფული გადასახადის სახითაც აღარ გადაიხადა. ეს იყოს პრობლემა. მიმდინარე ვალდებულებებსაც იგროვებდა კომპანია და არ იხდიდა“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, კაკურიძის თქმით, აღნიშნული კომპანია გაცილებით მნიშვნელოვანი ობიექტია მთელი საზოგადოებისთვის, ვინაიდან თბილისის გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ჰქონდა არბიტრაჟში შეტანილი სარჩელი. დაახლოებით 180 მილიონ დოლარზე იყო დავა. სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას და ასევე, აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა მისი დამფუძნებელი კომპანიის ვალი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო დავაც დასრულდება მორიგებით და ასევე დამფუძნებელი კომპანიაც ჩამოაწერს ვალს, თუ ეს პირობები შესრულდება, მხოლოდ ამის შემდგომ ჩამოეწერებოდა “ყაზტრანსგაზს” ფინანსთა სამინისტროს მიმართ ვალი“, – განმარტა კაკაურიძემ.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, „ყაზტრანსგაზი“ მთელ თბილისს აწვდის გაზს, თუმცა „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული არიან მოქალაქეები, რომლებიც რჩებიან უსამსახუროდ და რომელთა უკან ოჯახები დგანან.

კაკაურიძის თქმით, ყველა ბიზნესი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მთელი ქალაქის, მილიონზე მეტი აბონენტის მომარაგება.