გიორგი კაკაურიძე - მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი, რათა ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობის ვალუტა მიაწოდოს ბაზარს
გიორგი კაკაურიძე - მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი, რათა ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობის ვალუტა მიაწოდოს ბაზარს

ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი ფასებს კარგად ართმევს თავს და ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს.

,,პანდემიის გავრცელების შემდეგ შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ, მათ შორის საქართველომ. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის ათ პროცენტს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, ეს გამოიწვევდა ლარის კურსზე ზეწოლას, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა. წელს არის დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ეროვნულ ბანკს აძლევს საშუალებას, საჭიროების მოცულობით მიაწოდოს ბაზარს ვალუტა. საჭიროების მოცულობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და ის ყველაზე კარგად ხედავს, რა მოცულობას ექნება ეფექტი. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, საჭირო დოზით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა. აქ დიდი რისკები არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან, ეს რეზერვები უკვე ჩამორიცხულია, დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე მეტი. ძალიან დიდი ნაწილი რატიფიცირებულია და ეტაპობრივად ჩამოდის.

რაც შეეხება ფასების ზრდას, ფასებს, ვფიქრობ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად ართმევს თავს. ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. ლარის კურზე მოქმედებს ის მოლოდინებიც, რაც პანდემიამ გამოიწვია. თუმცა, ჩვენ მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო ვალუტა მიაწოდოს ბაზარს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.