გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა 2022 წლის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა 2022 წლის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა 2022 წლისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

მისი თქმით, გარკვეული გათვლების, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30-პროცენტიანი მაჩვენებლიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ 2022 წელს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით ნაკლები იქნება.

„ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს. წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი. ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კაკაურიძის განმარტებით, ვაქცინების დიდი ნაწილი შესყიდულია.

თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო წელსაც 500 მლნ ლარში გათვალისწინებულია როგორც ვაქცინების შესყიდვა, ასევე დაახლოებით ეს თანხა საკმარისია წლის განმავლობაში 250-300 ათასი ინფიცირებულის სამკურნალოდ.

„ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაც ეტაპობრივად უფრო აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში და გაიზრდება მოცვის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში, შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს და ეს ფული, ნახევარი მილიარდი ლარი საკმარისი იქნება კოვიდის ეფექტიანად სამართავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს სხვა პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირება“, – აღნიშნა  გიორგი კაკაურიძემ.

დატოვე კომენტარი