გიორგი კაკაურიძე - განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით არის გაზრდილი
გიორგი კაკაურიძე - განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით არის გაზრდილი

საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით არის გაზრდილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, განათლების სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და შესაძლოა, გათვალისწინებული თანხები საკმარისი არ იყო, თუმცა განათლების სისტემის რეფორმას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდიც სჭირდება.

„გეთანხმებით, შეიძლება არ იყოს საკმარისი. გვსურს, განათლება პრიორიტეტი იყოს და განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილება მივიღოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო მეტი თანხაა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ განათლების სისტემის რეფორმას მხოლოდ თანხა არ ჰყოფნის, ამას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, რათა სახსრები უშედეგოდ არ დაიხარჯოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს დონორებთან, მათ შორის იმისთვის, რომ სწორად ჩამოაყალიბოს რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მიზნები.

„ალბათ, მომდევნო წლის დიდი ნაწილიც დაგვჭირდება, რომ სწორად ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი. ვიცით,, ინფრასტრუქტურა აუცილებლად საჭიროა და ინფრასტრუქტურის კუთხით მძიმე მდგომარეობაა სისტემაში, განსაკუთრებით ზოგადი განათლების მიმართულებით. აქ თანხა ჩვენ წელსაც გავზარდეთ და ვფიქრობთ, სხვა რესურსების ხარჯზეც მოხდეს დამატებით ზრდა, ნაცვლად 90 მილიონისა, უფრო მეტი მიიმართოს. გავივლით კონსულტაციებს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, განათლების სამინისტროსთანაც და ვნახავთ, რისი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 12 მლნ ლარი, საპილოტე პროექტის დაწყება პირველ ეტაპზე 50 სკოლაში იგეგმება.

„ინოვაციების ნაწილში კი, მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკიდან გვაქვს აღებული 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობით რესურსი, რომელიც ინოვაციებზე უნდა მიიმართოს. ამ საკითხში აქტიურად ჩართულია განათლების სამინისტრო. აღნიშნული თანხა კი, დღემდე და ახლაც ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებშია. მსოფლიო ბანკთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის, ისე განათლების სამინისტროები და ამ რესურსის ფარგლებში დაგეგმილია დაიხვეწოს მიმართულებები, რაზედაც თანხა დაიხარჯება. წელს, როგორც შარშან გვქონდა ფული და ვერ მოხდა ათვისება. წელსაც ათვისების მხრივ გარკვეული პრობლემაა, თუმცა ვფიქრობთ, ორივე უწყება ერთდროულად შეძლებს, ინოვაციების მიმართულებით გამოყოფილი რესურსი უფრო ეფექტიანად მართოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის სხდომაზე განათლების სფეროს დაფინანსების საკითხით უმრავლესობის დეპუტატი ირინა ფრუიძე დაინტერსდა.