გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია იძლევა საშუალებას, უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დაფინანსდეს ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები
გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია იძლევა საშუალებას, უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დაფინანსდეს ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები

ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც სრულად არის ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობით საფინანსო რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ბრალდება ისმის.

„ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებზეა ორიენტირებული. ლოგიკას თუ დავუქვემდებარებთ, ბიუჯეტი არჩევნებზე თუა ორიენტირებული, მაშინ ის მაქსიმალურად ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნება საარჩევნო ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც სრულად არის ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობით საფინანსო რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო. ეს არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ექვს პროცენტზე მეტი. ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ დღევანდელ სიტუაციას, არამედ მზად არის, უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დააფინანსოს ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი.