გიორგი კაკაურიძე - ამ ეტაპზე, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარზე მეტით ზრდის რესურსი არ არის
გიორგი კაკაურიძე - ამ ეტაპზე, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარზე მეტით ზრდის რესურსი არ არის

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარზე მეტით ზრდის რესურსი არ არის, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას ჯანდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა გიორგი კაკაურიძე, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია უკვე „შეჭმული“ აქვს ინფლაციას და არსებობდა თუ არა პენსიის მეტად ზრდის რესურსი.

კაკაურიძის განმარტებით, პენსია იმდენით იზრდება, რა საშუალებაც არის ქვეყანაში.

„მე ავხსენი, საიდან მოდის დამატებითი რესურსი მომდევნო წელს, რა საშუალებებია ქვეყანაში. ეს არის 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაფუძნებული. გვაქვს დეფიციტის შეზღუდული მაჩვენებელი, მაღალ დეფიციტზე არ უნდა დავიდეთ. აღნიშნული ორი კრიტერიუმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალური დანახარჯების შემცირება არ იქნება კარგი და შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდასაც, ამ სამი კომპონენტიდან გამომდინარე, რა რესურსიც იყო, მაქსიმალურად გადანაწილდა. ერთია პირველი იანვრიდან რაც ხდება, მეორე ნაწილია, რაც პირველი ივლისიდან იგეგმება. ამ მიმართულებით დამატებით 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჩვენი ბიუჯეტის პირობებში, ამ ეტაპზე, ამაზე მეტი რესურსი სამწუხაროდ ბიუჯეტს არ აქვს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება. ამასთან, მომვალი წლის პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის შშმ-პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ.