გიორგი კაკაურიძე - 50 მილიონიდან წელიწადში ერთი მილიონის დაფარვის პირობებში, „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების რესტრუქტურიზაცია გამორიცხულია 
გიორგი კაკაურიძე - 50 მილიონიდან წელიწადში ერთი მილიონის დაფარვის პირობებში, „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების რესტრუქტურიზაცია გამორიცხულია 

გამორიცხულია, „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების რესტრუქტურიზაცია იმ პირობებში მოხდეს, თუ წლის განმავლობაში 50 მილიონიდან ერთი მილიონის დაფარვას აპირებენ, რადგან ეს არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ცინიკური დამოკიდებულება საკითხის მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძის თქმით, თუ რეალური გრაფიკი იქნება წარდგენილი, მას სამინისტრო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შემოსავლების სამსახურში რომელი კომპანია რას ითხოვს და რა დავალიანება აქვთ, დეტალური ინფორმაციის ცოდნის უფლება არ მაქვს. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფს“ საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს. დაახლოებით ორი კვირის, თუ ერთი თვის წინ რაც გადაიხადა, იმ ოდენობის მარკები გაიტანა. თუ კიდევ გადაიხდის, კიდევ გაიტანს, თუ არ გადაიხდის, ვერ გაიტანს. ეს არის კომპანიისა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რაშიც როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ ჩავერევი და ამის უფლება არ მაქვს. ვალის რესტრუქტურიზაციაზე კონკრეტული გრაფიკი უნდა წარდგეს, რაც მისაღები იქნება სამინისტროსა და ბიუჯეტისთვის“, – განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, ფინანსთა მინისტრისა და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრის თაობაზე.

„ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“, – დასძინა კაკაურიძემ.