გიორგი კაკაურიძე - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ იზრდება
გიორგი კაკაურიძე - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში, არის რესურსი, რომელიც საჭიროა, რათა მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ის მატება, რომელზეც საუბარია, სწორედ მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.