გიორგი კაკაურიძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის თანხა 90 მლნ-მდე გაიზარდა
გიორგი კაკაურიძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის თანხა 90 მლნ-მდე გაიზარდა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის თანხა 90 მლნ-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2018 წელს სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 60 მილიონი იყო გათვალისწინებული.

ეს განცხადება კაკაურიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში მწვავე მდგომარეობაა.

„მაგალითად, სოფელ ქვემო ქვალონში სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში და სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში სიარული. ასევე ძალიან ბევრ სკოლაში ბიუჯეტის სიმწირის გამო ვერ ახერხებენ, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, რისთვისაც სახანძრო-უსაფრთხოების სამსახური მათ აჯარიმებს და ჯარიმის გადახდის შემდეგ, ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ უფრო უმცირდებათ.

აგრეთვე რამდენიმე სკოლაში, მაგალითად, სოფელ ნოჯიხევში ვერ მოახერხეს წყლის შეყვანა და ბავშვები სარგებლობენ მეზობელ სახლში მდებარე ჭის წყლით. 7-8 წლის ბავშვები მიდიან ჭასთან დამოუკიდებლად და აქაც ერთგვარი უსაფრთხოების ზომებია მისაღები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუწოდა, სასესიო მოსმენებამდე მიაწოდოს კომიტეტს ინფორმაცია, არის თუ არა ბიუჯეტში გათვალისწინებული ხობის მუნიციპალიტეტის იმ ავარიული სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელიც ერთგვარი რისკის მატარებელია.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რომელი სკოლისთვის რა თანხაა გათვალისწინებული, თუმცა ირაკლი ბერაიას მიმართა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, განათლების სამინისტროს სთხოვს, რომ დეპუტატს ეს ინფორმაცია მიაწოდოს.

„მე ვთხოვდი განათლების სამინისტროს, კონკრეტულად რომელი სკოლაც გაინტერესებდათ ინფორმაცია მოგაწოდონ. სამწუხაროდ ვიცი, რომ ძალიან ბევრ სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, ამიტომ ამ მიმართულებით თანხების ზრდა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. 50 პროცენტით გავზარდეთ დაფინანსება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ იქნება საშუალება და გამოიძებნება რესურსი, ამ მიმართულებით კიდევ მეტი თანხა ჩავდოთ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.