გიორგი ჯინჯოლავა – ჩვენი გეგმაა, რომ სლოვაკების პრესინგი დავშალოთ და პატარ-პატარა სიურპრიზები მოვუმზადოთ #1TVSPORT
„იბერიის“ მთავარ მწვრთნელთან, ანდრეი დემჩენკოსთან ერთად, სლოვაკურ „სლოვანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა იმყოფებოდა. მან გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგაზე პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ და პირველი ეტაპი გადავლახეთ. „სლოვანთან“ შანსი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სლოვაკეთის ჩემპიონი აქ რომ ჩამოვა, იოლი თამაში არ ელის.
ყველა ფეხბურთელი და სტაფის წევრი კარგად იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ამ მატჩის მოგებით და ამდენი ხნის შემდეგ ქართული გუნდი ჯგუფში რომ შევიდეს. მაყურებელს მოვუწოდებ, მოვიდნენ, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
ველოდებით, რომ „სლოვანი“ მაღალი პრესინგით ითამაშებს და ბურთის გაკონტროლებას შეეცდება. ჩვენი გეგმაა, რომ მათი პრესინგი დავშალოთ და პატარ-პატარა სიურპრიზები მოვუმზადოთ.
თეორიულად გავიარეთ, რა შეცდომები დავუშვით ესტონეთის ჩემპიონ „ფლორასთან“. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და შევეცდებით, „სლოვანთან“ შემდეგ შეხვედრაში შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სლოვაკურ „სლოვანთან“ 21 ივლისს „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.