გიორგი ჯინჭარაძე – ჩვენთვის უმთავრესი არამხოლოდ აფხაზეთში დაბრუნება, არამედ აფხაზების დაბრუნებაა

12:18, 27.09.2026

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველო უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ეს განსაკუთრებულად მტკივნეული თარიღია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, ვინც საქართველოს გამო, აფხაზეთში მშვიდობიანი მომავლის რწმენას შესწირეს თავი. ჩვენი ვალდებულებაა, ეს მშვიდობიანი პოლიტიკა გავაგრძელოთ, რადგან ჩვენთვის უმთავრესი არამხოლოდ აფხაზეთში დაბრუნება, არამედ აფხაზების დაბრუნებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთნდობით ამ მიზანს მივაღწიოთ. როდესაც ეს დღე დადგება, არ იქნება მხოლოდ ერთი მხარის მეორეზე გამარჯვება, ეს იქნება ადამიანობის გამარჯვება ომზე. მე მწამს, რომ აუცილებლად დადგება ეს დღე და ჩვენ ყველა ერთად, 27 სექტემბერს, სოხუმში ვიზეიმებთ ჯვართამაღლების დღესასწაულს“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გმირთა მოედანზე, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

მემორიალთან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი