გიორგი ჯინჭარაძე – 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან, დარწმუნებული ვარ მაშინ დაღუპული ადამიანების თავდადება, მშვიდობიანი მომავლის რწმენით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„34 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მტკივნეულია ჩემთვის, პირადად ჩემი ოჯახისთვის, რადგან მამაჩემი ამ დღეს შეეწირა ქვეყნის ერთიანობას.
მაშინ დაღუპული ადამიანების თავგანწირვა და მომავლისთვის თავდადება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის ნდობა, რაც აფხაზ დებთან და ძმებთან გვაკავშირებდა.
მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, მშვიდობიანი მომავლის რწმენით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გმირთა მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.