გიორგი ჯანჯღავა - სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია
გიორგი ჯანჯღავა - სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა მიიჩნევს, რომ სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

გიორგი ჯანჯღავა სირიის „უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის“ პრეზიდენტსა და სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ საკითხი განიხილა.

„სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ ფონზე. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მონაწილეა“, – განუცხადა გიორგი ჯანჯღავამ „პირველ არხს“.

მისივე თქმით, ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვა, რაც, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში გამოიხატება.

„ოპოზიციის ეს განცხადება არის ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სირიის ოპოზიციასთან“, – განაცხადა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ.

მიმდინარე წლის 29 მაისს სირიის დიქტატორულმა რეჟიმმა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრალ-ჰარირიმ სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის „აღიარების“ თაობაზე.