გიორგი ჯაფარიძე - ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რიტმული ცხოვრება, განსაკუთრებით დაბალ ასაკში, რომ გვერდითი გართულებები გამოირიცხოს
გიორგი ჯაფარიძე - ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რიტმული ცხოვრება, განსაკუთრებით დაბალ ასაკში, რომ გვერდითი გართულებები გამოირიცხოს

ჩემი რჩევა იქნება, რაღაცნაირად მოხერხდეს ბავშვების ხელსაქმით დაკავება და მოძრაობა, – განაცხადა არტ-თერაპევტმა, გიორგი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ გვაქვს სურათი, როცა ბავშვები ფაქტობრივად, წვანან ოთახში, მოძრაობა თითქმის, შეზღუდულია და ჩემი რჩევა იქნება, რაღაცნაირად, მათი ხელსაქმით დაკავება და მოძრაობა მოხერხდეს – სპორტი, ბუნებაში სიარული და რიტმულობა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რიტმული ცხოვრება, განსაკუთრებით დაბალ ასაკში, რომ გვერდითი გართულებები გამოირიცხოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოკვეთა პანდემიამ ბავშვთა უფლებების მხრივ და რა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ იგივე სერვისების ხელმისაწვდომობის ნაწილში, გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, მშობლებმა უნდა გაითავისონ ის, რაც პრიორიტეტულია.

„ამ შემთხვევაში, ინგლისური, მათემატიკა და ა.შ საგნები. პრიორიტეტად უნდა აქციონ ხელოვნება და შემოქმედებითი აქტივობები. მე ვერ ვხვდები, ეს სახელმწიფომ როგორ უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ თუ სახელმწიფოც გაითვალისწინებს, ძალიან კარგი იქნება, ბავშვებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ხელოვნებით და ხელოვნებითი აქტივობებით დაკავებისა. ეს ბავშვების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათ დღეს წართმეული აქვთ. ვფიქრობ, ჩვენი ფასეულობების ბრალია, რომ ეს ოჯახებში მეხუთე და მეათე პლანზეა. დღეს, მით უმეტეს, ამ გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ საშუალებები, რომ ისეთ სივრცეებში იმოძრაონ, სადაც ხელით რაღაც მშვენიერის შექმნას შეძლებენ. ეს იქნება ძალიან დიდი საპირწონე იმის, რასაც ისინი მზა ხატებების სახით, ელექტრონული საშუალებებიდან იღებენ და, რაც დღეში შეიძლება, 16-17 საათი გრძელდებოდეს. ეს დამანგრეველია და მომავალში ძალიან მძიმე, სავალალო შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოჯახებში, ბავშვებსა და მშობლებს შორის ადამიანური კომუნიკაცია არ არის და სამწუხაროდ, ასეთი ოჯახები ალბათ, 80%-ია.

„ვფიქრობ, თუ საერთოდ შეიძლება, ამ პანდემიისას რამეში პოზიტივი იყოს, ეს ის რის, რომ უფროსმა თაობამ გააცნობიეროს ის სავალალო შედეგები, რაც პანდემიამ მოიტანა. მშობლებსა და შვილებს შორის ეს ჯახი მოხდა, მასწავლებლები გამოირიცხნენ და ოჯახებში ტრაგედიები ხდება. იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, მშობლებს შვილებისთვის სათქმელი არ აქვთ. თუ ადამიანმა შაბლონი შეცვალა, ეს ყველაფერი შემოქმედებითი კუთხით დაინახა და თავისი შვილით დაინტერესდა, ურთიერთობა შედგება. შეიძლება, ადამიანი დიდი ხანი მუშაობდეს და სახლში ძალიან დაღლილი მოდიოდეს, მაგრამ ბავშვს გულწრფელად უნდა ჰკითხოს მისი დღის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი და ორი კითხვით არ აღდგება ეს ურთიერთობა, მაგრამ თუ ამას შაბათ-კვირას ბუნებაში გასვლას, პიკნიკის მოწყობას, ან ერთად ბურთის თამაშს, სუფთა ჰაერზე მოძრაობას და ამ ბეტონის ტყიდან განშორებით სხვა სურათ-ხატებებში ყოფნას დავამატებთ, ეს უკვე ჯანმრთელობის და კომუნიკაციების აღდგენის საწინდარია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

არტ-თერაპევტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხია ერთ-ერთი ტელევიზია, რომელიც შემეცნებით გადაცემებზე ფიქრობს და ასეთ გადაცემებს აკეთებს.

„ეს რომ უფრო მასობრივი იყოს, კარგი იქნება, რადგან დღეს, ამ ვითარებაში, როცა ყველაფერი ონლაინ რეჟიმზეა გადასული, სხვა საშუალება არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.