გიორგი გვიმრაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, მათ სურთ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი მედია, რომელიც დაემორჩილება და მათი დღის წესრიგით იმოქმედებს
გიორგი გვიმრაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, მათ სურთ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი მედია, რომელიც დაემორჩილება და მათი დღის წესრიგით იმოქმედებს

ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, მათ სურთ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი მედია, რომელიც დაემორჩილება და მათი დღის წესრიგით იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რიგ პოლიტიკოსებს, საკუთარი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, სრული მიუღებლობა აქვთ მათთვის დისკომფორტის შემქმნელ კითხვებთან მიმართებაში, რაც იწვევს მათ გაღიზიანებას, შემდეგ თითქოს კონტროლს კარგავენ ხოლმე, ისეთი ფორმით იწყებენ ჟურნალისტებთან საუბარს. გუშინ ამას ვადევნებდით თვალს ჩვენი ჟურნალისტის მიმართ. დღევანდელი განცხადებაც უნდა გავიხსენოთ, როდესაც საუბარი კიდევ ერთხელ დაიწყო პოლიტიკოსმა იმაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა არსებობდეს თუ არა, ან რა ფორმით უნდა არსებობდეს.

მთლიანობაში, საკითხი დგას არა იმაზე, რომ რაღაც არ მოეწონა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს, არამედ ეს არის მთლიანად იმ პოლიტიკური ჯგუფის მიუღებლობა მათი კონტროლიდან გასული მედიისა. მათთვის მიუღებელია, ქვეყანაში არსებობდეს მედია, რომელიც დამოუკიდებელია. მათ სურთ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი მედია, რომელიც დაემორჩილება და მათი დღის წესრიგით იმოქმედებს. სწორედ ეს არის მათი გაღიზიანების მთავარი საგანი, რომ არსებობს დამოუკიდებელი მედია, რომელიც მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგით, რომელიც არ ემთხვევა მათ ინტერესებს“,- განაცხადა გვიმრაძემ.

​მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, საერთაშორისო პარტნიორებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზეწოლის, დაშინებისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით. გვიმრაძის თქმით, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ რეაგირებენ ხოლმე პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებაზე.

„ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აუცილებლად მივმართავთ საზოგადოებასაც, რომ მათ კარგად დაინახონ, რასთან გვაქვს საქმე. ცხადია, მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არსებობდეს მკვეთრი რეაგირება ამ ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ჟურნალისტებზე ზეწოლა, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არის ძალიან საგანგაშო ფაქტი. ეს რომ მხოლოდ ცალკეული ფაქტი იყოს, ერთია, მაგრამ ჩვენ ტენდენციას ვაკვირდებით. ტენდენციას, როდესაც ჟურნალისტი მათთვის არასასიამოვნო კითხვას სვამს, კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არის დასმული ყველა ნებისმიერ მომენტში, ამაზე გაღიზიანებული ცალკეული პოლიტიკოსები ყოველთვის ასეთ რეაქციას მიმართავენ ხოლმე. აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ რეაგირებენ ხოლმე პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქებაზე“,- განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.