გიორგი გვიმრაძე - თაკო ჩარკვიანის პარტიის განცხადება არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოებრივი მაუწყებელის დამორჩილებას ცდილობენ
თაკო ჩარკვიანის პარტიის განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ოპოზიციამ უნდა აირჩიოს, კიდევ ერთი ნიშანია, რომ პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიმორჩილონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე მდგომარეობს იმაში, რომ ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს.
„მოდით, ასე შევხედოთ, საკითხს – საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე მდგომარეობას იმაში, რომ ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. როგორც არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ვთქვათ მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი, ასევე არ შეიძლება ის იყოს ოპოზიციის ინტერესების გამტარებელი. მისი ფუნქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ემსახუროს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი დღის წესრიგი და ის თავის დღის წესრიგს ამკვიდრებს.
„ყველა მცდელობა, მათ შორის, ამ პოლიტიკური ჯგუფის იქნება ეს, თუ სხვა ე.წ. სადამკვირვებლო ადგილობრივი მედიამონიტორების მცდელობები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირონ სხვა მაუწყებელს, ან სხვა მაუწყებლის დღის წესრიგში მოაქციონ, არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მიზანმიმართულია იქითკენ, რომ დაიმორჩილონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაიმორჩილონ მისი გადაწყვეტილების პროცესი და სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
თაკო ჩარკვიანის პარტიაში დღეს განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა. მათივე აზრით, მაუწყებელში პრობლემებია და ამის გამოსწორების გზა ის არის, რომ არხის დირექტორი ოპოზიციამ აირჩიოს.