გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობს ეთერს ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულად გამოცხადდება
გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობს ეთერს ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულად გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობს საკუთარ ეთერს ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულად გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ეძლევათ ამომრჩეველს მაქსიმალურად მიაწოდონ თავიანთი სათქმელი პირველი არხის ეთერის საშუალებით.

„ჩვენი ამოცანაა, პოლემიკა გავმართოთ იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები შესთავაზებენ ამომრჩეველს ამ მეტად მნიშვნელოვანი არჩევნების წინ. რადგან გვექნება განსხვავებული პარლამენტი, რომელიც ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტდება, ჩვენ ყველა დარეგისტრირებულ სუბიექტს მივცემთ თანაბარ შესაძლებლობას და არ დავყოფთ მათ კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად, თუმცა ეს უნდა იყოს მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იმ სიმრავლიდან გამომდინარე, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი გვთავაზობს.

რაც შეეხება დებატს, ჩვენ შევთავაზებთ პარტიებს და მივცემთ საშუალებას, აირჩიონ ვინ მიიღებს მონაწილეობას დებატებში. განსაკუთრებული მოთხოვნები, ვინ უნდა მოვიდეს პარტიიდან, სავარაუდოდ, არ გვექნება, რაც მთავარია გვექნება წილისყრა, რომელ პარტიას ვისთან მოუწევს დებატი. რამდენიმე ათეულ პარტიას აქვს რეგისტრაციის თხოვნით მიმართული ცესკოსთვის, ასევე, სავარაუდოდ, საბოლოოდ რამდენიმე ათეული პარტია დარეგისტრირდება. მთავარია, რომ პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა, საკუთარი ხედვები წარუდგინონ ამომრჩეველს და შედგეს დებატი პოლიტიკაზე და არა სხვა რამეზე“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.