გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მისი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენგან უპასუხოდ არ დარჩება
გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მისი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენგან უპასუხოდ არ დარჩება

ყველა პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და მისი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენგან უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

გიორგი გვიმრაძემ უპასუხა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თავდასხმას საქართველოს პირველ არხზე, რომელიც ტელევიზიას მისი აქტივობების არგაშუქებაში ადანაშაულებს.  ხაბეიშვილი ჟურნალისტის იმ შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც მიმდინარე აქციების დროს „კოვიდ-19“-ის გავრცელების საპრევენციო წესების დაცვას და უკვე ინფიცირებული პოლიტიკოსების კონტაქტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ეხებოდა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული კითხვა არ იყოს არავის მიერ არალეგიტიმურად ჩათვლილი და არ თვლიდნენ, რომ ამ კითხვას პასუხი არ სჭირდება.

„მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რაც უშუალოდ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. სამწუხაროა, როდესაც უსაფუძვლოდ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ისეთი ტიპის კრიტიკის გამოთქმა, თითქოს ის რომელიმე კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს, ან მის ინტერესს ემსახურება. ცხადია, ყოველთვის გვექნება ამაზე მკვეთრი, მკაფიო რეაქცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან და განვიხილავთ ყველა ასეთ საკითხს, როგორ ხდება პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მოხსენიება. მინდა, ყველა პოლიტიკოსი ითვალისწინებდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ინსტიტუცია, მისი შეურაცხყოფა და დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენგან არავითარ შემთხვევაში არ დარჩება უპასუხოდ, ყოველთვის გავცემთ შესაბამის პასუხს. რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი რამეს არ აშუქებს, ჩვენ ვაშუქებთ ყველაფერს ყველაფერს, რაც საზოგადოების ინტერესშია, მათ შორის იმ აქციებსაც, სადაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს უსაყვედუროს, თითქოს რამე არ გავაშუქეთ, რაც ასევე არის ძალიან სერიოზული სიცრუე. უმჯობესი იქნებოდა, კარგად შეხედონ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები. თუმცა, საბოლოო ჯამში, ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ მათთვის არასასურველ კითხვაზე პასუხი და შემდეგ იშველიებენ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს, რათა საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვა იყო ლეგიტიმური, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან პასუხის გაცემას საჭიროებს. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რა მოსწონს ან არ მოსწონს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პანდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა ძალიან რთულია და შესაბამისად, ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვა. ვიმედოვნებ, რომ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოების წინაშე, ამ კითხვაზე თავისი პასუხი ექნებათ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.