გიორგი გვიმრაძე - ღირებულებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ დაამკვიდრებს, ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა ღირებულებებით ვაპირებთ ქვეყნის განვითარებას
გიორგი გვიმრაძე - ღირებულებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ დაამკვიდრებს, ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა ღირებულებებით ვაპირებთ ქვეყნის განვითარებას

ღირებულებებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ დაამკვიდრებს, ღირებულებებზე ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ და რა ღირებულებებით ვაპირებთ იმ ქვეყნის განვითარებას, რომელსაც ვუწოდებთ დამოუკიდებელს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან დღეს ჩვენ ყველას ერთმანეთი გვძულს, რადგან მე ვერ ვნახე, ვერც ერთი მხრიდან, რომელსაც შეუძლია, ეცადოს, გამონახოს გზა, რათა ეს ყველაფერი განვმუხტოთ და მივიდეთ რაღაც თანხმობამდე. ის, რაზეც ვსაუბრობთ, რომ თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, ეს თანაცხოვრება რაღაც პრინციპებზე დაყრდნობით უნდა შევძლოთ. ესე არ არის, რომ ერთი დავჩაგროთ და მეორე ამით კარგად იქნება. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, როდესაც ერთის ჩაგვრის ხარჯზე მეორე კარგად ცხოვრობს და ამას თანაცხოვრება ჰქვია. ასე არ თანაცხოვრობენ. შესაბამისად, ის გზა და ფორმა გვაქვს გამოსაძებნი თანაცხოვრების, რომელიც ერთმანეთთან ცხოვრებას სულ მცირე შესაძლებელს გახდის. 

ხშირად საუბრობენ ხოლმე შემწყნარებლობაზე და ქართული სიტყვა შემწყნარებლობა ბოლომდე ვერ გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გვჭირდება, რადგან შემწყნარებლობა არის, რომ მე შენ რაღაცნაირად გიღებ, თვალს ვხუჭავ შენს მდგომარეობაზე გარკვეული თვალსაზრისით. ჩვენ სოლიდარობა გვჭირდება ერთმანეთის მიმართ, გვჭირდება იმ ადამიანების არა მხოლოდ უბრალოდ ისე მიღება როგორებიც არიან, არამედ მათ მიმართ სიყვარულის ჩვენება, თან ერთმანეთის მიმართ, არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ამ ჯგუფებად დაყოფამ, 30 წლის განმავლობაში, ერთმანეთთან მხოლოდ დაგვაპირისპირა. 30 წლის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ ერთად გვეცხოვრა. პირიქით, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მათ შორის უფლებებზე ლაპარაკით, ბევრს ვსაუბრობთ უფლებებზე, მათ შორის ამაზე საუბრითაც ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს ვუპირისპირებთ ჯგუფებს. არც ერთხელ, არავინ არ ეცადა ჯგუფების დაახლოებას, მათთვის ეთქვა, რატომ უნდა არსებობდნენ სხვა ჯგუფები, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისივე თქმით, „ჩვენ ვასწავლით ადამიანების რაღაც ჯგუფებს, როგორ დაიცვან საკუთარი თავი, მაგრამ არავის ვასწავლით, რატომ არ უნდა ხდებოდეს ის, რომ ვიღაცას დასაცავად ჰქონდეს საქმე“.

„როდესაც ჩვენ ადამიანს თავის დაცვას ვასწავლით, ჩვენ მას აპრიორი ვეუბნებით, რომ მას თავის დაცვა მოუწევს. რატომ ვცხოვრობთ იმ გარემოში, სადაც ადამიანს საკუთარი თავის დაცვა მოუწევს. სად არიან ის ინსტიტუციები, რომელიც ყველა ჯგუფს, რომელიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდება, ეტყვის, რომ მე ვიცავ შენს უფლებებს და არ არის საჭირო, შენ იარო ქუჩაში და შენი თავი დაიცვა, შენ თვითონ ეცადო საკუთარი თავის დაცვას. სად არის ეს ინსტიტუციები, რომელიც რეალიზებას მოახდენს თითოეული ადამიანისას, მისი უფლების, თითოეული ადამიანის სწრაფვის, კეთილდღეობის, სად არიან ეს ინსტიტუციები, რომლებიც ამას ყველაფერს უზრუნველყოფენ და საბოლოო ჯამში, ჩვენ არ მოგვიწევს ქუჩა-ქუჩა სიარული, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ. გინდ ერთს, გინდ მეორეს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვთვლით თუ არა, რომ ვიღაცა სწორად იცავს თუ არა საკუთარ უფლებებს. მას აქვს განცდა, რომ საკუთარი უფლებები, პერსპექტივა, ღირებულებები დასაცავია“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

დატოვე კომენტარი