გიორგი გვიმრაძე - 70 წელი უმრევლოდ წირავდა ეკლესია, თუ ვინმე იტყვის, რომ ის მსახურება არ შეიწირა უფალმა, თქვას, საუკუნეები უკოვზოდ აზიარებდა ეკლესია და თუ ვინმე იტყვის, რომ ის არ იყო ევქარისტია, თქვას
გიორგი გვიმრაძე - 70 წელი უმრევლოდ წირავდა ეკლესია, თუ ვინმე იტყვის, რომ ის მსახურება არ შეიწირა უფალმა, თქვას, საუკუნეები უკოვზოდ აზიარებდა ეკლესია და თუ ვინმე იტყვის, რომ ის არ იყო ევქარისტია, თქვას

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გიორგი გვიმრაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ ვითარებაში სახელმწიფოს, ეკლესიის, თითოეული მოქალაქის როლზე წერს.

„გილოცავთ დიდ ხუთშაბათს, ევქარისტიის დადგენის დღეს. უმნიშვნელოვანესი დღეა, ცხადია, ყველა ქრისტიანისთვის. უფრო დიდი დღე კი წინ გველის. ამიტომ მსურს, მოგმართოთ და გთხოვოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის წიაღიდან მიცნობთ. ცხადია, თითოეული ქრისტიანისთვის ეკლესია არის წყარო სიცოცხლის და გადარჩენის. ამას გვასწავლიან ზუსტად ის მამები, რომელთა სწავლებაზეც დგას ეკლესიაში არსებული ცოდნა. მაგრამ ის ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულია და არა ფიზიკური ადგილი. ცხადია, ეს მცირედითაც არ ამცირებს კრების ადგილს, ფიზიკურ ტაძარს. უბრალოდ, ამავე დროს, უნდა გავიაზროთ, რომ ღმერთი არ არის ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ ყველგან და ყველაფერია მასში. მნიშვნელოვანია ლოცვაც, მარხვაც და ქრისტეს სიხლთან და ხორცთან ზიარებაც, მაგრამ მას შემდეგ რაც შენი ძმა, მოყვასი შეგინდობს და მასთან იქნები პირნათელი. წარმოგიდგენიათ ექიმი, რომელიც შეიძლება ათასობით ადამიანის სიკვდილს შეესწროს? წარმოგიდგენიათ, პოლიციელი რომელიც ქუჩაში გვამებს გადააწყდება? წარმოგიდგენიათ, მათი ტვირთი? და განა ჩვენი ქრისტიანობა მოყვასის ტვირთის შემსუბუქებაზე არ გადის? განა ჩვენი, როგორც ქრისტიანის ვალი არ არის მოყვასს შევეხიდოთ და მისი ტვირთი შევამსუბუქოთ. განა მხოლოდ საკუთარი თავის „ხსნა“ გვევალება? და თუ კი ჩვენ წირვას დავესწრებით ახლა ამ პერიოდში და ვეზიარებით იმ მოწოდების მიუხედავად, განა ეს იქნება ქრისტიანობის აღსრულება? განა დამძიმებული გარემო და მოყვასი, თუნდაც იოტისოდენად იყოს ამაში ჩვენი ბრალი, მართალი ქრისტიანობა იქნება? განა ჩვენი გადარჩენა სხვების დაღუპვაზე გადის? გიფიქრიათ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა ჩვენი ქცევის შედეგად დაავადდნენ? გიფიქრიათ იმ ადამიანებზე, ვისაც ჩვენი ქცევა დააბრკოლებს? დაბრკოლებაზე ქრისტეს სიტყვებს არ შეგახსენებთ, უბრალოდ იფიქრეთ ამაზე. იფიქრეთ ქრისტეს ორმოცდღიან მარხვაზე და ეშმაკთან დიალოგზე. ქრისტეს პასუხებზე. იფიქრეთ იმაზე, თქვენს მოყვასს – იმ ოჯახის წევრს, იმ ექიმს, იმ პოლიციელს და ა.შ. ეკლესიაში, როგორც ფიზიკურ ადგილას წასვლით უფრო მეტ სარგებელს მიუტანთ თუ სახლში ყოფნით? შეიძლება თვლით, რომ ბოროტი იბრძვის ტაძრების დასაცარიელებლად, არა, ბოროტი ახლა ჩვენს ამპარტავნებაზე თამაშობს, თითქოს უჩვენოდ ვერ ჩატარდება წირვა, თითქოს ჩვენ ვართ ქვაკუთხედი ევქარისტიის საიდუმლოსი. არა, ჩვენ საღმრთო გულმოწყალების ობიექტი ვართ და არა მისი მოქმედი პირი და მისი გულმოწყალება სხვის მიმართ სიყვარულზე გადის“, – წერს გიორგი გვიმრაძე.

გიორგი გვიმრაძე აღნიშნავს, რომ ეკლესიის არც კრიტიკას და არც ქებას აპირებს.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ, წარმოიდგინეთ იმ ადამიანების სიმძიმე, ვისაც გარდაცვლილებთან მოუწევთ ურთიერთობა და უკვე მოუწიათ. მარტივი მათემატიკაა, თუ არ იქნება აღსრულებული ის შეზღუდვები, რაზეც ვსაუბრობთ, მთელი ერის ინფიცირება სრულიად შესაძლებელია და ეს კი საუკეთესო გათვლებით ათობით ათასი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს და არა მხოლოდ მოხუცის, მათშორის იმ ბავშვების, რომლებსაც მძიმე დაავადებები აქვთ და მათი მშობლები უკანასკნელ სახსრებს იღებენ, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნონ, მათ მაინც გაუფრთხილდით.

სახელმწიფოს ვინ მოქმედებას სთხოვთ, იმათაც მინდა მოგმართოთ. რას ითხოვთ? ეკლესიებში შევარდნას? განა ასეთ სახელმწიფოს არ დაუპირისპირდით თავის დროზე, რომელიც ეკლესიაში შემავალ და გამომავალ თითოეულ ადამიანს აკონტროლებდა? რას ერჩოდით მაშინ იმ სახელმწიფოს? თუ სახლის კარი უნდა აგვიჭედოს, როგოც ერთ კარგად ნაცნობ ქვეყანაში? თქვენ აგებთ პასუხს შედეგზე, ან ერთი ან მეორე ქცევის შემთხვევაში?

რაც შეეხება ეკლესიას – მე არც მის კრიტიკას და არ მის ქებას არ ვაპირებ. ერთიც და მეორეც მრავლად ყავს. არც ჭკუის სწავლებას. ეკლესიამ თავადაც კარგად იცის რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ხოდა მხოლოდ იმას გთხოვთ – იყავით იკონომიურები იქ, სადაც ყოფილა ეკლესია და სადაც კიდევ შეიძლება იყოს. 70 წელი უმრევლოდ წირავდა ეკლესია და თუ ვინმე იტყვის რომ ის მსახურება არ შეიწირა უფალმა, თქვას. საუკუნეების განმავლობაში უკოვზოდ აზიარებდა ეკლესია და თუ ვინმე იტყვის, რომ ის არ იყო ევქარისტია – თქვას. ასე რომ, არც ტრადიციიდან გადახვევაა საჭირო და არც რაიმე წესის შეცვლა. მხოლოდ იმ იკონომიური ქცევით მოქცევაა საჭირო, რაც ეკლესიისთვის ისედაც ბუნებითია.

სიყვარულით – დარჩით სახლში, რათა ქრისტეში საზეიმოდ გვქონდეს საქმე!!!!“, – წერს „ფეისბუქში“ გიორგი გვიმრაძე.