გიორგი გვარაკიძე - რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, კორუფციული დანაშაულის მიმართაც უკომპრომისო ვიქნებით
საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.
გვარაკიძის თქმით, კორუფციული დანაშულის მიმართ უკომპრომისო იქნებიან.
„აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ეს საქმე მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის და ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს. როგორც ნარკოპოლიტიკის მიმართ, ასევე კორუფციული დანაშაულის მიმართაც ვიქნებით უკომპრომისო და მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას გავატარებთ. რაც შეეხება, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა რიცხვი, დაველოდოთ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება. რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.