გიორგი გვარაკიძე - ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ
ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს, რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა, საჭიროებს ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„პრევენციული და შედეგიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ“, – აღნიშნა გვარაკიძემ.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავს დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობების არსებობისას მიაჩნია მისაღებად, ისიც, უპირატესად, საპატიმრო სასჯელზე გარიგებით.
„მნიშვნელოვნია, ქმედითად გამოვიყენოთ უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და პოზიტიური გამოცდილების გასაზიარებლად“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.
გიორგი გვარაკიძის გამოსვლას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.