გიორგი გუგავა - რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია
გიორგი გუგავა - რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია

რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი თვალთახედვით, შეთანხმებაზე, რომელიც არ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების კომპონენტს, ვერ მოხდება კონსენსუსის მოძებნა და იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, რომელიც შექმნა ოლიგარქმა ქვეყანაში. ყველა საკითხზე შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა მხოლოდ იმ შემთხვევაში და სწორედ ამ პოზიციით წარდგება ხვალ ოპოზიცია ამ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან, რომელიც მოიცავს რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, რომელზეც ოპოზიცია მტკიცე პოზიციით წარდგება.

„სავარაუდოდ ხვალ შედგება მოლაპარაკებები, ხვალ შედგება შეხვედრა, სადაც ოპოზიცია წარდგება კვლავ მტკიცე პოზიციით: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო გარემოს ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს ალბათ თავად გაასაჯაროებსს, მაგრამ იქ სამწუხაროდ არ არის განხილული მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გადაწყდება პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების გარდა, სხვა საკითხებზე საუბარი ვერ გადაწყვეტს პოლიტიკურ კრიზისს.

„ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. ხელისუფლების ვერანაირი სხვა წინადადება ვერ გადაწონის იმ დანაშაულს, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს არის არჩევნების გაყალბება, ქართველი ხალხის ნების გამრუდება. ვერაფერი გადაწონის ამ დანაშაულს. აქედან გამომდინარე, სხვა საკითხების განხილვა ვერ იქნება რელევანტური, ვერ გადაწყვეტს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზსს“, – დასძინა გიორგი გუგავამ.