გიორგი გუგავა - ქართველი ხალხი, ოპოზიცია, ერთიანი ბრძოლით მიზანს აუცილებლად მიაღწევს
გიორგი გუგავა - ქართველი ხალხი, ოპოზიცია, ერთიანი ბრძოლით მიზანს აუცილებლად მიაღწევს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრ გიორგი გუგავას განცხადებით, ათასობით საჩივარი, რომელიც კომისიებში შევიდა, შედეგების გადათვლას ითვალისწინებდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.

„ეს არის სიცრუე, სიყალბე, რომელსაც ისინი ავრცელებენ. ათასობით საჩივარი, რომელიც შევიდა კომისიებში, ითვალისწინებდა სწორედ შედეგების გადათვლას. მათ შორის სამაგიდო ჟურნალების, რომელსაც ხელს აწერდნენ ამომრჩევლები, არც ერთი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა“, – განაცხადა გუგავამ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, გუგავა ამბობს, რომ მას მიმდინარე პროცესების შესახებ სრულად მიეწოდება ინფორმაცია.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შეხვედრა შედგება თუ არა, ბატონი პომპეო სრულად იქნება ინფორმირებული იმ უბედურებებზე, რომელსაც ქვეყანაში ოლიგარქი ატრიალებს. ეს მოლაპარაკებები შეუძლია ჩიხში შეიყვანოს ხელისუფლებამ, ოღონდ ამით თავად გაითხრის სათავეს, რადგანაც ქართველი ხალხი, ოპოზიცია, ერთიანი, უდრეკი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევს მიზანს. ეს გახლავთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გაუქმება. ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარეს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

აღნიშნული განცხადება გიორგი გუგავამ გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ.