გიორგი გუგავა - ოპოზიცია ხვალ პიონერთა სასახლის უკანა ეზოში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გამართავს
გიორგი გუგავა - ოპოზიცია ხვალ პიონერთა სასახლის უკანა ეზოში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გამართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პარტიული სიების ჩახსნა და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ხელახალი არჩევნების დანიშვნის პროცესს დააჩქარებს.

„ხვალ ოპოზიცია აპირებს უმნიშვნელოვანესი ღონისძიების გამართვას, სადაც ხელი მოეწერება სამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს: პირველი – დეკლარაცია, რომლითაც ოპოზიცია არ აღიარებს არსებული პარლამენტის ლეგიტიმურობას; ამავე დროს, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს; ასევე, ხელი მოეწერება პარტიული სიებისა და ინდივიდუალური დეპუტატების მხრიდან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებას. ღონისძიება გაიმართება პიონერთა სასახლის უკანა ეზოში და ეს მოხდება პარლამენტის სხდომის პარალელურად. სრულიად ოპოზიცია შეთანხმებულია ამასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ალეკო ელისაშვილი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხელს ხომ არ შეუშლის ეს ნაბიჯი მოლაპარაკებების პროცესს, გუგავამ უპასუხა, რომ ეს დააჩქარებს ხელახალი არჩევნების დანიშვნის პროცესს.

„არც ერთ შემთხვევაში. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ჰაერზე არ ვამბობთ ამ სიტყვებს. ეს ბოიკიტი რეალურად შედგება და ისინი დარჩებიან ერთპარტიულ პარლამენტში. ეს დააჩქარებს პროცესებს და მიგვიყვანს იქამდე, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.