გიორგი გუგავა - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების კონცენტრირებას ემსახურება, სრულიად ლეგიტიმურია, უცნაურს ვერაფერს ვხედავ
გიორგი გუგავა - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების კონცენტრირებას ემსახურება, სრულიად ლეგიტიმურია, უცნაურს ვერაფერს ვხედავ

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების, ამომრჩევლის კონცენტრირებას ემსახურება და ეს სრულიად ლეგიტიმურია, უცნაურს და გაურკვეველს ვერაფერს ვხედავ, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობით „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს და კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება.

„მისი ეს პოლიტიკური განცხადებები საკუთარი მომხრეების, ამომრჩევლის კონცენტრირებას ემსახურება და ეს სრულიად ლეგიტიმურია. მათ შეუძლიათ, გარკვეული როლი ითამაშონ იმ ოლიგარქიული ურჩხულის დამარცხებაში, როგორიც ივანიშვილია. აქედან გამომდინარე, უცნაურს და გაურკვეველს ვერაფერს ვხედავ. ორპოლუსიანი სისტემის პერიოდი დამთავრდა, როდესაც ჩვენ პროპორციული არჩევნების წესი მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მთავრობა იქნება კოალიციური. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიცია საერთო ძალისხმევით, ერთად, კოორდინირებული მუშაობით, დაამარცხებს ოლიგარქიულ რეჟიმს და ქვეყანაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც გააკონტროლებს ერთმანეთს და იზრუნებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას აწუხებს.

ჩვენს მთავარ ამოცანას, სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს არსებული რეჟიმის დამარცხება, ხოლო ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინ რა ძალით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, ამას გადაწყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ყველას აქვს უფლება, თავი წინასწარ გამოაცხადოს პრემიერ-მინისტრად ან სხვა თანამდებობაზე მოიაზროს საკუთარი თავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამას წყვეტს ხალხი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.