გიორგი გუგავა - კობახიძემ დააანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყვეტს სასუნთქ საშუალებებს, შანტაჟი არ გაგივა, ბიძიკო
გიორგი გუგავა - კობახიძემ დააანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყვეტს სასუნთქ საშუალებებს, შანტაჟი არ გაგივა, ბიძიკო

კობახიძემ დააანონსა, რომ რეგისტრაციებს შეუწყვეტს პარტიებს, შეუწყვეტს სასუნთქ საშუალებებს, არსებობის საშუალებებს, ქვეყანაში ერთპარტიულ ოლიგარქიულ დიქტატურას დავამყარებთო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივას, ამას გუგავა სიბრიყვედ აფასებს.

„რაც მან შანტაჟის ენით განაცხადა. ეს გახლავთ არა ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის შეკრება მხოლოდ, არამედ ერთპარტიული დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ეს შანტაჟი, ბიძიკო, არ გაგივა. შენ ამით ვერავის შეაშინებ. ეს ღირებულებითი ბრძოლაა, ესაა ბრძოლა თავისიფლებისთვის, იდეალებისთვის, ჩვენი მომავლისათვის და შენ და ივანიშვილს ვერავინ შეგწირავთ ამ ბრძოლას. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ – თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ქართველი ხალხი.

რა განცხადებებიც გააკეთა, არის ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციური პრინციპების თავზე გადახევა, ასეთი განცხადებები იყო სწორედ კობახიძის მხრიდან. ეს წარმოუდგენელი სისულელე და სიბრიყვე განაცხადა, რომ თურმე შეიკრიბება ერთპარტიულ პარლამენტში, შექმნიან საგამოძიებო კომისიას იმის შესახებ, რომ თავად გააყალბეს თუ არა არჩევნები. ეს იგივეა, მგელმა შექმნა სამსჯავრო და ტრიბუნალი იმასთან დაკავშირებით, მიირთმევს თუ არა ცხვრის ხორცს. კობახიძემ, რომელმაც არჩევნები გააყალბა, იმას თავად გამოიძიებს თურმე. აბსურდები და სამარცხვინო ტყუილები განაცხადა. ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც, გავასაჩივრეთ ყველა საარჩევნო ოქმი, მათ შორის შემაჯამებელი ოქმები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არც ერთი უბნის გახსნის საშუალება არ მოგვცა, ყველა გზა მოგვიჭრეს, მეტიც – ცესკომ კანონის დარღვევით პარტიებს წაართვა შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლება. ეს ღია ტყუილია, სიცრუეა, მაგრამ დამახასიათებელია ასეთი ხალხისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვა, დააანონსა მან რეპრესიები, დააანონსა ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება“, – განაცხადა გუგავამ.

მისივე თქმით, შეუძლებელია, დემოკრატიული სახელმწიფო შედგეს, რომელსაც საფუძვლად უდევს გაყალბებული არჩევნების შედეგები.

„პარლამენტი არ შეიძლება იყოს არალეგიტიმური, არ შეიძლება დემოკრატიული სახელმწიფო შედგეს, რომელსაც საფუძვლად უდევს გაყალბებული შედეგები. მათ გაამრუდეს ქართველი ხალხის ნება, ისინი არიან დამნაშავეები, ისინი არ შეიძლება ითვლებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებად. ჩვენ წაგვართვეს მთავარი სამოქალაქო უფლება, კონსტიტუციური უფლება და ამ უფლების დასაცავად ვიბრძვით. ამიტომ დესტრუქციული არის ხელისუფლება, რომელიც აანონსებს დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში, ხოლო ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ვიბრძვით დემოკრატიული წესწყობილების შესანარჩუნებლად, ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ოლიგარქატის ბანდა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის მართვას, რათა გადარჩეს ჩვენი მომავალი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.