გიორგი გუგავა - დაფინანსებაზე ცვლილებები სადამსჯელო ღონისძიებაა ერთადერთი პარტიის მიმართ, რომელიც დარჩა საკუთარი სიტყვის პატრონად, არ უღალატა ხალხს და არ შევიდა პარლამენტში
გიორგი გუგავა - დაფინანსებაზე ცვლილებები სადამსჯელო ღონისძიებაა ერთადერთი პარტიის მიმართ, რომელიც დარჩა საკუთარი სიტყვის პატრონად, არ უღალატა ხალხს და არ შევიდა პარლამენტში

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, მათი პარტიის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების ტოლფასია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს.

როგორც გუგავა ამბობს, „ლეიბორისტული პარტია“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც დარჩა საკუთარი სიტყვის პატრონად, არ უღალატა ხალხს და არ შევიდა პარლამენტში.

„ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი ახორციელებს „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ, ერთადერთი პარტიის, რომელიც დარჩა საკუთარი სიტყვის პატრონად, არ უღალატა ხალხს, არ შევიდა პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მკვეთრად უარყოფითი დასკვნა ამ საკითხზე, ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩაიდო ცალკე პუნქტად, რომ ეს კანონი უკან უნდა გაეწვია ხელისუფლებას. ისინი მაინც აპირებენ ამ კანონის მიღებას, რომელიც რეალურად ითვალისწინებს „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვას, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვართმევენ კომისიის წევრის უფლებას, წარმომადგენლის უფასო სატელევიზიო დროის გამოყენების საშუალებას. ასევე, დაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. ამდენად, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთი პარტიის, „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვას, რომელიც არ დაემორჩილა და არ დაექვემდებარა ივანიშვილის დიქტატს, არ შევიდა მასთან გარიგებაში, როგორც ეს განახორციელეს დანარჩენმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ყველა, ვინც შევიდა პარლამენტში გაურიგდა ივანიშვილს ან დაემორჩილა მის დიქტატს.

მათ ცალსახად განუმარტეს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ არაფერ შუაში არ არის პარლამენტში შესვლა-არშესვლა პარტიის მიერ მიღებულ ხმებთან ან კვალიფიცურობასთან. ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, კონკრეტულად „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ, რომელიც არ გაურიგდა ივანიშვილს და არ დაექვემდებარა მის დიქტატს, არ უღალატა საკუთარ პირობას და ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. ამის გამო იღებენ ასეთ რეპრესიულ კანონს. აი, მათი შეთანხმება, მათი დემოკრატია. რა თქმა უნდა, მგელი არ დაიშლის მგლობას, ისინი ბუნებრივია, დარჩნენ იგივენი, ამით ისინი ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვიმორჩილებენ, ვერ შეგვიყვანენ გარიგებაში, როგორც ეს გააკეთეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამასთან, როგორც გუგავა აცხადებს, ბრძოლას კვლავაც განაგრძობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მნიშვნელობა არა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდოდა თუ არა, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, არ გამოხატავს ხალხის ნებას. რაც ვნახეთ, ეს არის მასკარადი, შექმნა ილუზიური განცდებისა, თითქოს იქ პოლიტიკური პროცესი მიდის, შექმნა ორპოლუსიანი სისტემის გაძლიერებისა, რაც ოცნება იყო ივანიშვილისა. რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს გაყალბების გზით შეკრებილი უმრავლესობის სხდომა, ამიტომ ეს ქვეყანაში არაფერს შეცვლის. მათ უღალატეს ქართველ ხალხს, უღალატეს პრინციპებს, გარიგებაში შევიდნენ ივანიშვილთან და გაუპრავეს არალეგიტიმური პარლამენტი“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი