გიორგი გუგავა - ჩვენ თუ გვინდა, გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან, აუცილებელია შეთანხმება მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე
გიორგი გუგავა - ჩვენ თუ გვინდა, გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან, აუცილებელია შეთანხმება მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე

ოპოზიცია არის ერთიანი ფრონტით და ეს ერთიანი ფრონტი უზრუნველყოფს იმას, რომ ხელისუფლებას წამოვიყვანთ ხელახალ არჩევნებზე, რათა ანულირება მოხდეს იმ შედეგებისა, რომელიც იყო სიყალბით და ძალადობით განპირობებული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არის ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი.

„განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ არა მთავარი, ეს შეეხება საარჩევნო სისტემას, ეს შეეხება საარჩევნო გარემოს და შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში, მაგრამ თუ მთავარზე შეთანხმება არ მოხდა, ეს ხდება მეორე ხარისხოვანი. ეს ვერ გადაწყვეტს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანა შეიყვანა ოლიგარქმა, მათ შორის ბოლო არჩევნების ტოტალური გაყალბების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან, აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე, ის თანმხლები საკითხებია, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თავისუფალი არჩევნების ჩატარება. თუ გვინდა, ქვეყანა გამოვიდეს ამ კრიზისიდან, უზურპირებული ხელისუფლებითა და არალეგიტიმური პარლამენტით ეს არ მოხდება.ოპოზიცია არის ერთიანი ფრონტით და ეს ერთიანი ფრონტი უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლებას წამოვიყვანთ ჩვენ ხელახალ არჩევნებზე, რომ ანულირება მოხდეს იმ შედეგებისა, რომელიც იყო სიყალბით და ძალადობით განპირობებული“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.