გიორგი გრიგოლია - საქართველოს პირობებში, სადაც სააკაშვილი თავს გრძნობს პატიმრად, არ ეხსნება სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი
გიორგი გრიგოლია - საქართველოს პირობებში, სადაც სააკაშვილი თავს გრძნობს პატიმრად, არ ეხსნება სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი

საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი. ჯერ კიდევ შარშან ვთქვით, თუ გვინდა, შევინარჩუნოთ და დავიცვათ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უმჯობესია, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული, – ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრებთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გრიგოლიას თქმით, კონსილიუმის წევრებს დასკვნის მოსამზადებლად დაახლოებით ორი დღე დასჭირდებათ. გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ათი თვის მკურნალობის შედეგად, დღეს სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე იყო. გიორგი გრიგოლია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თუ არ შეიცვალა გარემო, რამაც გამოწივია პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, პრობლემა ვერ მოგვარდება.

„დირექტორმა გამოაქვეყნა წერილი, რომ ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას. არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში, უკან პენიტენციურში თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მესმის კლინიკის თანამშრომლებისა და დირექციის აზრის, უკვე ათი თვეა, მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება, დიდი წნეხი აქვთ ყველა მხრიდან და რეზულტატებიც არ აქვთ, იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, არ უმჯობესდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჯერ კიდევ შარშან, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, რომ ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი. ის, რამაც გამოიწვია დაავადება, სტრესი, არ ეხსნება ადამიანს, რახან სტრესი არ ეხსნება და იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორეში ან სადღაც სხვაგან გადაყვანას, ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის. ამიტომ ჯერ კიდევ შარშან ჩვენი აზრი იყო, რომ თუ ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ და დავიცვათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უმჯობესია, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ახლა არ მინდა, ვილაპარაკო, გადავადება იქნება თუ დროებით რაღაც, მგონია, რომ საქართველოს პირობებში, ჩვენს პირობებში, სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი.

ჩვენი ვიზიტების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეს იყო თავიდან განზრახ შიმშილი, მაშინ, როცა გლდანის ციხეში იჯდა, მაგრამ შემდეგ უკვე ეს გადავიდა ანორექსიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვთვლით, როცა მას არ შეუძლია, სრულფასოვნად იკვებოს, არ იკვებება კი არა, არ შეუძლია. ორ თვეში ერთხელ ვნახულობთ მიხეილ სააკაშვილს, ყოველდღიური კონტაქტი არ გვაქვს, ყოველდღიურად არ ვაფასებთ მის ქმედებებს. შესაბამისად, ეს უფრო კარგად იციან ადგილობრივმა ექიმებმა, რომლებსაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. შეიძლება, თეორიულად დავუშვათ, რომ თვითდაზიანებას ჰქონდეს ადგილი, რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში – განზრახ არ ჭამდეს საჭმელს, ანუ ისევ შიმშილს აგრძელებდეს, ჩვენს კონსილიუმს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ თვითდაზიანებაზე გვაქვს საუბარი თუ ნამდვილად დაავადებაზე, რომლის შედეგადაც სრულფასოვანი კვება არ შეუძლია, შედეგი ერთნაირი იქნება. შედეგი უკვე არის ძალიან ცუდი, რადგან საშინელი კახექსიაა, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა. დღეს ჩვენი ნევროპათოლოგი უტარებდა რაღაც ტესტებს, რომელიც ადგომას, დაჯდომას, ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა და საშინლად უჭირს ეს ყველაფერი. საავადმყოფოში იმიტომაც იმყოფება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მისი ყოფნა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.