გიორგი გოგოლაშვილი - „საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“, ეს გახლავთ გიგი თევზაძის ერთ-ერთი ზეპირი განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე
გიორგი გოგოლაშვილი - „საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“, ეს გახლავთ გიგი თევზაძის ერთ-ერთი ზეპირი განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგმა, გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, გიგი თევზაძესთან შეხვედრა გაიხსენა.

გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შეხვედრაზე მან თევზაძეს კითხვა დაუსვა, რატომ ხდებოდა შეტევა ქართულ ენაზე?

„რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და რამაც უნივერსიტეტი აღაშფოთა? კანონის მიხედვით, უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას თავისი თავი თავად უნდა ერჩინა. კანონის მიხედვით, სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი – 65 წელი. ერთი პუნქტი იყო ქართულთან დაკავშირებით, ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა უნდა იყოს ქართული. ეს პუნქტი ამოიღეს, საბედნიეროდ, ბრძოლით მოხერხდა და იმ პერიოდში ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ. ამ საკითხზე პირადად როცა დავუსვი კითხვა განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, გიგი თევზაძეს, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი, ასეთი პასუხი გამცა და ეს დაიწერა მაშინ არაერთგზის: „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“. ეს გიგი თევზაძის იმ დროინდელი ერთ-ერთი ზეპირი განმარტება გახლავთ, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.